,,სიკვდილი, რომელიც ბოლავს"

  
  არავინ დალევს ფინჯნიდან სითხეს, რომელსაც მსხვილი ასოებით აწერია „კლავს“. სამაგიეროდ სიგარეტის კოლოფზე მსგავსი შინაარსის  წარწერას  მილიონობით ადამიანი არიდებს თვალს.  ყველა მწეველმა იცის, რომ მოწევა ორგანიზმისათვის საზიანოა, მნიშვნელობა არ აქვს ბრენდს, სიგარეტის არომატსა თუ სიმსუბუქეს, ყოველი შეკვრა აფრთხილებს მომხმარებელს „მწეველები კვდებიან ადრე“.
პარადოქსულია, რომ ადამიანები მაინც ეწევიან...
  რატომ იწყებს ადამიანი მოწევას?
                                     



  ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია.  მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს, ახალგაზრდა გოგონები და ქალბატონები  ტელეწამყვანებს ან ფილმის გმირებს ბაძავენ, ზრდასრულობაში კი  ეს ადამიანები უკვე თამბაქოზე დამოკიდებულები ხდებიან  და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი  მოწევისათვის თავის დანებება.
  თამბაქო,  ეს ერთი შეხედევით უწყინარი მცენარე, უამრავი ადამიანისათვის შეიძლება საბედისწერო გახდეს. მისი ფოთოლი შეიცავს: 1-4% ნიკოტინს, 2-20% ნახშირწყლებს, 5-17% ორგანულ  მჟავებს და  0,1-1,7% ეთერზეთებს.  ნიკოტინი  შხამია, რომელიც ორგანიზმზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს, იგი ააქტიურებს თავის ტვინის უჯრედებს, იწვევს მსუბუქ ეიფორიას,  ის კოკაინისა და ჰეროინის მსგავსად იწვევს მიჩვევას (დამოკიდებულებას).  ამიტომაა მისგან  თავის დაღწევა ასე ძალიან რთული.

  თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი  და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას. გვერდითი კვამლი კი ვრცელდება ჰაერში და შესაბამისად არამწეველის ორგანიზმშიც.
  თამბაქოს ბოლი 400-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. მათ შორის 80 ტოქსიკური ნივთიერებაა, რომლებიც კანცეროგენებად (კიბოს გამომწვევებად) ითვლებიან. ესენია: კუპრი, დარიშხანი, ბენზოლი, კადმიუმი, ფორმალდეჰიდი და სხვა.


  თამბაქოს ბოლი ასევე შეიცავს ზემოთ აღნიშნულ ნიკოტინს, ციანიდს, ნახშირბადის მონოოქსიდს (მხუთავ აირს), ამიაკს და სხვა.  ჩასუნთქვისას ეს ნივთიერებები ორგანიზმში  ხვდება, ხელს უშლის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, იწვევს მათში გენეტიკურ ცვლილებებს (მუტაციებს),  რაც კიბოს წარმოქმნის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, თამბაქო დაახლოებით 25-მდე დაავადების გამომწვევადაა მიჩნეული (ფილტვის კიბო, ბრონქული ასთმა, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, ხახისა და საყლაპავის სიმსივნური დაავადებები, კანისა და პირის ღრუს დაავადებები, სმენის დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.).


   ორგანიზმისათვის მიყენებულ ზარალს მოწეული ღერების რაოდენობა, ფილტრი და თამბაქოს ხარისხი განსაზღვრავს.  ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი კვდება.  მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია...
                                        
პასიური მოწევა

   მოწევა რომ მავნებელია,  ეს ალბათ აღარავისთვისაა სადაო. მწეველი, რომელიც ხედავს სიგარეტის კოლოფზე წარწერას „მოწევა კლავს“ და მაინც ეწევა, ნებაყოფილობით მიდის სიკვდილზე, მაგრამ  რას  ერჩის იგი გარშემომყოფთ, რომლებიც „მეორად კვამლს“ ჩაისუნთქავენ და არანაკლები საფრთხის წინაშე დგებიან?

  ადამინს, რომელიც ჩაისუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, პასიური მწეველი ეწოდება. თუ კი თავად მწეველს შეუძლია თავიდან აიცილოს სიგარეტის მავნებლობა მასზე უარის თქმით, იმ რისკის კონტროლირება, რომელსაც განიცდიან პასიური მწეველები, შეუძლებელია. ამრიგად, მწეველის გვერდით მცხოვრები არამწეველი ადამიანი, საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს იმ რისკის 1/3-ს, რასაც მისი ოჯახის წევრი, რომელიც დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწევა.
   ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი ამ პრობლემამ იმიტომ გამოიწვია, რომ იგი ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებს, ჩვენს თანატოლებს ეხებათ, რომელთა ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ეწევა. მსოფლიოში ბავშების 40% ამ პრობლემას აწყდება, თან თამბაქოს  ბოლი განსაკუთრებით საშიშია   ადრეულ ასაკში, როდესაც მოზარდის ნერვული და იმუნური სისტემები ფორმირების პროცესშია.  ამასთან, ბავშების სუნთქვის სიხშირე გაცილებით დიდია და თამბაქოს ბოლში შემავალი შხამებიც უფრო ადვილად ხვდება მათ ორგანიზმში.


     ძვირფასო მშობლებო,  ნუ აქცევთ თქვენს შვილებს პასიურ მწეველებად!
  ნუ მოწევთ სახლში, ამით სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებთ თქვენთვის უძვირფასეს ადამიანებს!
  მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, ყოველწლიურად მსოფლიოში მრავალი აქცია ეწყობა, აკრძალულია მოწევა საზოგადოებრივ ობიქტებში, დიდ მარკეტებში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში კი ცალკე ადგილია გამოყოფილი მწეველებისთვის. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დასაქმების დროს უპირატესობას არამწეველებს ანიჭებენ, სადაზღვეო კომპანიები მწეველებს სამედიცინო დაზღვევაში  მეტ თანხას ახდევინებენ, მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღესაც კი აღნიშნავს.  მიუხედავად ამისა, მილიარდამდე ადამიანი მწეველია. მათ ირგვლივ კი პასიურ მწეველთა მთელი არმიაა.

  საქართველოში  მთელი მოსახლეობის 79,2 %  პასიუ მწეველად ითვლება. 2005 წელს ქვეყანამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. საქართველომ საერთაშორისო ვალდებულებები აიღო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვის შესახებ. 2008 წელს  თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად  კაფე-ბარებსა და რესტორნებში ცალკე ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი მწეველთათვის.

 ჩვენ დავინტერესდით რამდენად სრულდება ეს კანონი და რამდენიმე საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი მოვინახულეთ (იხ. კვლევის შედეგები).
  თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელს მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუპერკულოზი, ავტოსაგზაო  შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.
არსებობს გამოსავალი?

    საუკეთესო გამოსავალი მოწევისათვის თავის დანებებაა!
   უფრო მარტივი კი პრევენციაა. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს რამდენად რისკავს მოწევით და საერთოდ აღარ დაიწყებს თამბაქოს მოხმარებას.


   ასე რომ,  თუ თამბაქოს მაცდურ ბოლში გახვეულ ადამიანს დაინახავთ, ეცადეთ გონს მოიყვანოთ, აუხსენით რომ ეს სიკვდილია, რომელიც ბოლავს...


2 comments:

  1. მაია,შენ და შენს მოსწავლეებს გილოცავთ გამარჯვებას! საინტერესო ნამუშევარია,მოსწავლეები ავლენენ თემის საფუძვლიან ცოდნას.ეს თქვენი,კონკურსში მონაწილე მასწავლებლების,დამსახურებაა. გემოვნებით არის შერჩეული ფოტო და ვიდეო–მასალა, ტექსტში სწორადაა აქცენტები გაკეთებული. ვფიქრობ,ნამდვილად მოახდენს კეთილ გავლენას მკითხველზე.გისურვებ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete
  2. მაია,შენ და შენს მოსწავლეებს გილოცავთ გამარჯვებას! საინტერესო ნამუშევარია,მოსწავლეები ავლენენ თემის საფუძვლიან ცოდნას.ეს თქვენი,კონკურსში მონაწილე მასწავლებლების,დამსახურებაა. გემოვნებით არის შერჩეული ფოტო და ვიდეო–მასალა, ტექსტში სწორადაა აქცენტები გაკეთებული. ვფიქრობ,ნამდვილად მოახდენს კეთილ გავლენას მკითხველზე.გისურვებ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete